ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა
02/09/2023 14:27:52 მსოფლიო
ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა. ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია.
„ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს. [...] გვესმის ძლიერი რეაქცია შვედეთში, რომელმაც მთლიანად გადაფარა ეს მესიჯი. ამიტომ ნობელის ფონდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რეგულარული პრაქტიკიდან წინა წლის გამონაკლისი გაიმეოროს - არ დაპატიჟოს ელჩები რუსეთიდან, ბელარუსიდან და ირანიდან სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნობელის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტოკჰოლმში დაგეგმილ ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩებს მიიწვევენ. ამ გადაწყვეტილებას შვედეთის პრემიერ მინისტრისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.


