ისტორიაში პირველად, ბალტიის ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნები რუსული თავდასხმის მოგერიებაზე ორიენტირებულ წვრთნებს გამართავენ
02/09/2023 14:20:00 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, ბალტიის ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნები რუსული თავდასხმის მოგერიებაზე ორიენტირებულ წვრთნებს გამართავენ.
როგორც გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, ამ წვრთნებით NATO რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის.
„აგრესიის ეფექტური შეკავება ითვალისწინებს თავდასხმის შესაძლებლობასაც“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა.
მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების უმთავრესი მიზანი საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები 100%-ით არიან დამოკიდებული ბალტიის ზღვაზე“, – აღნიშნა გერმანელმა სამხედრომ.
მანევრებში, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, 30 ხომალდი და 3000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფინეთიდან, რომელიც ახლახან შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებს, და შვედეთიდან, რომელიც ჯერ ალიანსის წევრი არ არის.
წვრთნები ძირითადად ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებთან წარიმართება.


