კულება: უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს
01/09/2023 18:25:39 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ქვეყნის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან CNN-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებენ, უნდა იფიქრონ იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე იბრძვიან.
„როგორია ეს, როდესაც მისიიდან ბრუნდები, ტელეფონს იღებ, ხსნი მას და ჭკვიანი ხალხის ნააზრევის კითხვას იწყებ, რომლებიც ამბობენ, როგორი ნელი ხარ?! ამ წამს ორი მეგობარი დაკარგე. შენ ლამის მოგკლეს. კილომეტრი მუცლით იხოხე, რათა ველი განგენაღმა. სასტიკ ბრძოლაში, დაწყევლილი რუსული სანგარი აიღე და შემდეგ კითხულობ, რომ ვიღაც ამბობს: „ბიჭებო, ძალიან ნელები ხართ!”, - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, “ესმით, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის.”
„და მათ ესმით, არანაირი ტრაგედია და რამე შენელება არ არის. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს რთულია. ეს რთული ბრძოლაა”, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში წინ მიიწევს:
"უკრაინა კონტრშეტევაში რომ დამარცხებულიყო, ალბათ, პირველი ვიქნებოდი, ვინც უბრალოდ სიმართლეს ვიტყოდი. მაგრამ ჩვენ არ ვმარცხდებით, პირიქით – ჩვენ წინ მივიწევთ".


