კვიპროსზე რუსი დააკავეს რუსეთისთვის მიკროელექტრონიკის მიწოდებისთვის
01/09/2023 12:34:28 მსოფლიო
კვიპროსზე შეერთებული შტატების მოთხოვნით 33 წლის არტურ პეტროვი დააკავეს. მას ბრალად ედება რუსეთისთვის სანქციების რეჟიმის დარღვევით აშშ-ში წარმოებული მიკროელექტრონიკის მიწოდება, რომლებიც მათ შორის, გამოიყენება რაკეტების,დრონების, რადიოელექტრონული ომის სისტემებისა და კომუნიკაციებისთვის.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ეს რესურსები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში შეუძლია, გამოიყენოს. იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ პეტროვი 26 აგვისტოს დააკავეს.
აშშ–მა დაკავებულს რამდენიმე მუხლით წარუდგინა ბრალი, მათ შორისაა: ექსპორტის შეზღუდვების დარღვევა, კონტრაბანდა, ფულის გათეთრება. პეტროვმა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობდა 2022 წლის თებერვლიდან, სავარაუდოდ, 2023 წლის აგვისტომდე შეიძინა ამერიკული კომპანიებისგან დიდი რაოდენობით ელექტრონიკა რუსული შპს "ელექტროკომისთვის", რომელიც, როგორც აღნიშნულია კომპანიის ვებსაიტზე, აწვდის პროდუქტებს სამხედრო-სამრეწველო საწარმოებს.
ამავდროულად, პეტროვი და მისი ორი თანამზრახველი - ასევე რუსები, იყენებდნენ მესამე ქვეყნებში რეგისტრირებულ მოტყუებულ იურიდიულ პირებს. საერთო ჯამში, ამერიკელი დისტრიბუტორებისგან მათ 225 ათას დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შეიძინეს.
შეერთებული შტატები პეტროვის ექსტრადიციას მოითხოვს. აშშ-ში მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, მოსკოვი ახერხებს იარაღის წარმოებისთვის უცხოური კომპონენტების მოპოვებას. როგორც ნათქვამია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შესახებ საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ივლისის ანგარიშში, რუსეთის თავდაცვის კომპლექსი იყენებს 450-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის უცხოურ კომპონენტს 27 სხვადასხვა აღჭურვილობის სისტემაში.


