პრეზიდენტი ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს
01/09/2023 07:00:44 მსოფლიო
თუ 2024 წელს უკრაინაში საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ვოლოდიმირ ზელენსკი კენჭს მეორე ვადით იყრის. მან ეს ინფორმაცია პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან RTP-სთან ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, საკუთარ ქვეყანას არ მიატოვებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დროს არჩევნების ჩატარების სირთულეებსა და პირობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარებას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებითი დაფინანსება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იმ სამხედროების მონაწილეობით, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და არჩევნებში ხმა უნდა მისცენ უკრაინის იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც ომის გამო ლტოლვილებად იქცნენ და სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოებაც.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზელენსკი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა.
უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო საპრეზიდენტო - 2024 წლის მარტში. თუმცა ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია 2022 წლის 24 თებერვალს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მსახიობი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა 2019 წლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად. მან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს გაიმართა.


