
ჩალმერსის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის გამო მოსკოვის მიმართ ნატო-ს ქვეყნების ინტერესი გაზრდილია
03/12/2019 11:06:24 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო
სამეფო სერვისების ინსტიტუტის გენდირექტორის მოადგილის მალკომ ჩალმერსის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენციის გამო, მოსკოვის მიმართ ნატო-ს წევრი ქვეყნების ინტერესი გაზრდილია.
„ლიდერთა შეხვედრა ნატო-ს 70 წლის საიუბილეო შეხვედრაა. ეს არის წარმატების აღნიშვნა, მაგრამ ასევე იყურება მომავლისკენ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ეს ღონისძიება კრებს ექსპერტულ წრეებს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ძალიან რთულ საკითხებზე მსჯელობისთვისც იმიტომ, რომ ეს არის სამხედრო ალიანსი, მაგრამ ამავე დროს არის პოლიტიკური ალიანსიც. ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან და იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს. ვფიქრობ, ნატო ევროპული უსაფრთხოების გარანტი იყო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. 1949 წლიდან მოყოლებული სწორედ საბჭოთა კავშირი იყო ნატო-ს შექმნის მთავარი მიზანი და დღესაც, პრაქტიკულად ამდენი წლის განმავლობაში არის შეშფოთება, რომ რუსეთს სურს იმავე მოცემულობის დაბრუნება. ნატო-ს წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ყველა წევრი წლების განმავლობაში ზრდიდა თავდაცვის ხარჯების დაფინანსებას. ნატო-ს დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ დაარწმუნოს რუსეთი, ალიანსის მიზანი არ არის მოსკოვის რეჟიმის შეცვლა, ის თავისუფალია ნატო-სგან, უბრალოდ რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ მის მიერ შემოთავაზებული წესები და საგარეო პოლიტიკა მიუღებელია ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.
ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის, რატომაც ალიანსის წევრი ქვეყნების ინტერესი გაზრდილია რუსეთის მიმართ, ეს არის მოსკოვის ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინაში და ეს არის არა უკვე დახურული და მკვდარი საკითხი, არამედ მიმდინარე მოვლენა. ეს არის შეშფოთების საგანი ალიანსის წევრებისთვის. მართალია, საქართველო და უკრაინა არ არიან ნატო-ს წევრები, მაგრამ ეს ქვეყნები არიან ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორები“, – განაცხადა მალკომ ჩალმერსმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.