მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებული იყო
01/09/2023 06:16:47 მსოფლიო
მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებული იყო. რუსული მედიის ცნობით, დრონების შესაძლო თავდასხმის გამო მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.
დღეს დილით მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს". სობიანინის წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.
სობიანინის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი".
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


