რუსეთი მოსკოვსა და რეგიონებზე დრონების გარდა, „ამოუცნობი ობიექტით“ შეტევის შესახებ იუწყება
01/09/2023 06:06:34 მსოფლიო
რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების გარდა, „ამოუცნობი ობიექტით“ შეტევის შესახებ იუწყება.
დღეს დილით მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს". სობიანინის წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.
სობიანინის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი".
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.
დრონებით შეტევის შედეგად სახლის და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ იუწყება რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი:
- "ქალაქ კურჩატოვზე თავდასხმა იყო 2 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით".
კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
გარდა ამისა, დღეს დილით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც განაცხადა, რომ "საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის რაიონში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი". გლადკოვის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
ამასთან, გვიან ღამით „ამოუცნობი ობიექტის“ აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი. მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გუბერნატორის თქმით, ასახავს კრესტის რაიონში ამ ობიექტის „განეიტრალებას“, რასაც „ხმელეთზე არანაირი შედეგები არ მოჰყოლია".
ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს შეტევა განხორციელდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამით ამ რაიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


