"ვაგნერის" დაქირავებულებმა მოსკოვის რეგიონში სამი ადამიანი გაიტაცეს
31/08/2023 20:36:28 მსოფლიო
მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის რაიონში როსგვარდიის თანამშრომლებმა დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ყოფილი დაქირავებულები გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით სამი ადამიანის გატაცების ბრალდებით.
ტელეგრამ–არხის „ფრთხოლად, მოსკოვის“ ცნობით, "სამმა "ვაგნერელმა" გაიტაცა ბისეროვსკოეს ტბაში მოცურავე კაცები და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ისინი გატაცებულთა ახლობლებს დაუკავშირდნენ და 5 მილიონი რუბლი მოითხოვეს. ახლობლებმა პოლიციას მიმართეს. ოპერატიული მოქმედებების შედეგად დატყვევებული პირები გაათავისუფლეს".
იუწყებიან, რომ გატაცებულები ნოგინსკის კერძო სახლში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ბოლო დროს მედიაში რეგულარულად გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ომიდან დაბრუნებული "ვაგნერელების" მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების. ერთი დღით ადრე ვოლგოგრადის სასამართლომ 35 წლის ალექსეი ხლებნიკოვი საკუთარი 13 წლის დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. აგვისტოში კარელიაში ომიდან დაბრუნებული, წარსულში ნასამართლევი იგორ სოფონოვი დააკავეს ექვსი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით, ხოლო კიროვის რაიონში ეძებენ 26 წლის გოგონას გაუპატიურებასა და ცემაში ეჭვმიტანილ „ვაგნერელს“ ალექსეი კოსტრომინს, რომელიც ადრე მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. მაისის ბოლოს კიდე ერთი ვაგნერელი 10 და 12 წლის გოგონების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს ნოვოსიბირსკის ოლქში.


