ბრიტანეთი უკრაინაში ნატოს სტანდარტების ჰაუბიცების ქარხანას ხსნის
31/08/2023 19:25:48 მსოფლიო
ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა უკრაინაში გახსნა ოფისი იარაღის წარმოების ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. თავდაპირველად იგეგმება ნატოს სტანდარტის L119 ჰაუბიცების წარმოება–შეკეთება, – განაცხადა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ.
უკრაინის არმია ამ საარტილერიო დანადგარებს უკვე იყენებს რუსეთთან ომში. L119 არის 105 მმ–იანი მსუბუქი ქვემეხი, რომელიც შექმნილია ქვეითების, მედესანტეების და მოიერიშე თვითმფრინავების მხარდასაჭერად. უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე შეიარაღებულია BAE Systems-ის მიერ წარმოებული სხვა აღჭურვილობით, კერძოდ M777 ჰაუბიცებით, Bradley და CV90 ქვეითი საბრძოლო მანქანებით და Challenger ტანკებით.
იარაღის წარმოების ლოკალიზაციის მიზნით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს კიევში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და BAE Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ვუდბერნმა.
„ძალიან ვაფასებთ, როდესაც კერძო კომპანიები ასეთ დროს ხსნიან თავიანთ ოფისებს ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ხალხის მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ვუდბერნმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს იარაღის წარმოების ლოკალიზაციის პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელებას. „BAE Systems-ს სურს, იყოს უკრაინის საიმედო პარტნიორი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ომში, ასევე ძლიერი და მდგრადი ტექნოლოგიური თავდაცვითი ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობაში, რათა ეფექტურად აღკვეთოს მომავალი აგრესიის მცდელობები“, - თქვა ვუდბერნმა.
BAE Systems არ არის ერთადერთი უცხოური იარაღის კომპანია, რომლის ქარხანაც გამოჩნდება უკრაინაში. ივლისის დასაწყისში გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა, 12 კვირის განმავლობაში გახსნას საწარმო საბრძოლო მასალის, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებისთვის. დაახლოებით იმავე პერიოდში თურქულმა კომპანია Baykar-მა დაიწყო ქარხნის მშენებლობა Bayraktar–ის დამრტყმელი დრონების წარმოებისთვის.


