ლანდსბერგისი: "ვეხმარებით უკრაინას სანამ სჭირდება" უნდა შეიცვალოს შემდეგი ფრაზით: "უკრაინას მხარს გამარჯვებაში ვუჭერთ"
31/08/2023 13:42:04 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ იმის თქმა, რომ "უკრაინას მხარს დაუჭერენ იქამდე, სადამდეც დასჭირდება" და უკრაინის გამარჯვება უნდა დაგეგმონ". ამის შესახებ მან ტოლედოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ვეხმარებით უკრაინას სანამ სჭირდება" უნდა შეიცვალოს შემდეგი ფრაზით: "უკრაინას მხარს გამარჯვებაში ვუჭერთ". თუ ევროპელ ლიდერებს ამის თქმა არ შეუძლიათ, ეს ნიშნავს, რომ მათ გონებაში სხვა ვარიანტებიცაა და ერთადერთი სხვა ვარიანტი პუტინის გამარჯვებაა. ეს სცენარი კატასტროფას ნიშნავს არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის [ლიეტუვა], არამედ ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონისთვის", – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო უნდა დაკონკრეტდნენ.
"ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ გვინდა, ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და არა ოდესმე", - განაცხადა ლანდსბერგისმა.


