Accentnews.ge
გირკინი რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აანონსებს

გირკინი რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აანონსებს

31/08/2023 12:58:51 მსოფლიო

დონეცკის ე.წ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინმა (სტრელკოვი), რომელიც რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით დააკავეს, განაცხადა, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს.

გირკინმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თავს რამდენიმე სფეროში რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე პროფესიონალად თვლის. მისი თქმით, პუტინი ზედმეტად "მიმდობი და კეთილია", და ასევე ჰყავს „ბევრი მილიარდერი მეგობარი, რომლებსაც უარს ვერაფერზე ეუბნება" მისგან განსხვავებით.

გირკინი საკუთარ თავს უწოდებს "უფრო კომპეტენტურს სამხედრო საქმეებში", ვიდრე პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა. ამასთან, აღიარებს, რომ „არ არის ისეთი სპორტული და ჯანმრთელი“, როგორიც პუტინი იყო მის ასაკში, ამიტომ, ამომრჩეველს თავს "ფიზიკურად ვერ მოაბეზრებს" 20 წლის განმავლობაში.

გირკინი 2023 წლის ივლისის ბოლოს დააკავეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტების გამო, რომლებშიც გამოძიებამ დაინახა მოწოდებები ექსტრემიზმისკენ. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის ბოლომდე მაინც დარჩება. წაყენებული ბრალდებების მიხედვით, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გირკინი ვერ შეძლებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

2022 წლის ნოემბერში გირკინს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

გირკინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ამავდროულად, თავიდანვე მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო სარდლობას ფრონტზე წარუმატებლობის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S