აშშ: რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს
31/08/2023 06:28:18 მსოფლიო
რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში დაერწმუნებინა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია თანამშრომლობის განვითარებაზე.
ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა. აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძენს იარაღის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულსაც.
ჯონ კირბის განცხადებით, იარაღის შესაძენად რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი გარიგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება.


