რაჭის გუბერნატორი: შოვში მიმდინარე სამძებრო ღონისძიებებში მონაწილე ერთ–ერთი სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტალიზებულია
30/08/2023 08:01:17 საზოგადოება
რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხაადებით, შოვში მიმდინარე სამძებრო ღონისძიებებში მონაწილე ერთ–ერთი სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტალიზებულია.
მისი თქმით, ჯარისკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიის ზონაში. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს. ამასთან, ცუდად გახდა მეორე სამხედრო, რომელიც ასევე სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოვინახულეთ ადგილზე. საავადმყოფოში დროულად იქნა გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაუბრუნდება თუ არა სამძებრო ღონისძიებებს, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა მარგველიძემ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ შოვში, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის: შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 33 დაღუპული ადამიანიდან 31 პირი იპოვეს, 2 დაკარგული არასრულწლოვანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


