აფრიკაში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალებაა
30/08/2023 08:05:57 მსოფლიო
30 აგვისტოს დილით მაღალი რანგის სამხედროების ჯგუფმა გაბონის ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს მოხდა რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ქვეყნის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ალი ბონგო მესამე ვადით აირჩიეს.
ოფიცრებმა თქვეს, რომ ისინი წარმოადგენენ ყველა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და რომ არჩევნების შედეგები გაუქმდა, ყველა საზღვარი ჩაიკეტა შემდგომ შეტყობინებამდე და დაიშალა სამთავრობო უწყებები.
სროლის ხმები ისმოდა დედაქალაქ ლიბრევილში, – იუწყება Reuters-ის რეპორტიორი სამხედროების სატელევიზიო მიმართვის შემდეგ.
არ არის ცნობები პრეზდენტის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ბოლოს შაბათს, ხმის მიცემის დროს ნახეს საჯარო სივრცეში.
გაბონში დაძაბულობა მატულობს შაბათის საპრეზიდენტო, საპარლამენტო და საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ არეულობის შიშის ფონზე – ბონგო ცდილობდა, გაეხანგრძლივებინა თავისი ოჯახის 56-წლიანი მმართველობა, ოპოზიცია კი ნავთობით და კაკაოთი მდიდარ, მაგრამ ეკონომიკურად ღარიბ ქვეყანაში ცვლილებას ითხოვდა. გაბონი OPEC-ის წევრია.
ბონგო ხელისუფლებაში პირველად კენჭისყრით 2009 წელს მოვიდა მამის, ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ და ხელახლა აირჩიეს 2016 წელს. მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.
საერთაშორისო დამკვირვებლების არარსებობამ, ზოგიერთი უცხოური მაუწყებლობის შეჩერებამ და ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გამორთოს ინტერნეტ სერვისები და დააწესოს ღამით კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შემდეგ, შეშფოთება გამოიწვია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
გაბონმა აღკვეთა სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2019 წლის იანვარში მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა მოკლე დროში დაიკავეს სახელმწიფო რადიოსადგური და გაავრცელეს შეტყობინება, რომ ბონგო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ინსულტი გადაიტანა, აღარ იყო შესაფერისი მისი თანამდებობისთვის. რამდენიმე საათში ორი ეჭვმიტანილი მოკლეს, დანარჩენები კი დააკავეს.
წარმატების შემთხვევაში, ეს გადატრიალება მერვე იქნება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში 2020 წლის შემდეგ. მალიში, გვინეაში, ბურკინა ფასოში, ჩადსა და ნიგერში გადატრიალებებმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროგრესს ბოლო წლებში.სამხედროებმა ნიგერში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს გასულ თვეში.


