
კალაძე: წუხელ 3 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას 2–ჯერ გადააჭარბა
30/08/2023 07:14:30 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას 2–ჯერ გადააჭარბა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, - აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე პლანშეტით ვიდეოკადრებიც უჩვენა იმის საილუსტრაციოდ, რომ ამოვსებული სანიაღვრე არხების პირობებშიც, რომლის ხელით გაწმენდაც უწევდათ მერიის შესაბამის სამსახურებს, არხები წყალს მაინც ატარებდა.
"წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი“, -თქვა თბილისის მერმა.
იგი გამოეხმაურა სანიაღვრე სისტემების საკითხსაც:
„თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს ქალაქში, ზოგადად მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემა არის ქალაქში და ამას პირველები ვამბობთ ჩვენ და შემთხვევითი არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაგან ვცდილობთ რომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ“.
შეგახსნებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროსადენები. თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. ამასთან, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
29 აგვისტოს ღამით გავრცელებული განცხადებაში თბილისის მერიამ მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.