ჩინეთმა ახალ ოფიციალურ რუკებზე რუსეთის ნაწილი თავის ტერიტორიად გამოაცხადა
29/08/2023 18:10:07 მსოფლიო
ჩინეთის სახელმწიფო „სტანდარტული რუქების კარტოგრაფიულმა სამსახურმა“ წარმოადგინა 2023 წლის გეოგრაფიული რუკების ნაკრები, რომელზეც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ჩინეთის შემადგენლობაში პირველად არის მითითებული. საუბარია დიდ უსურის კუნძულზე მდინარე ამურზე, – აღნიშნავს РБК.
რუსეთსა და ჩინეთს შორის 2008 წლის შეთანხმების თანახმად, კუნძული გაიყო ორ ქვეყანას შორის. ჩინეთის ახალი ოფიციალური რუკა კი მთელ კუნძულს აღნიშნავს როგორც ჩინეთის ტერიტორიის აღმოსავლეთ წერტილს. განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ „რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების დადგენის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
რუკების ოფიციალური ნაკრები გამოყენებული იქნება მედიაში, მათ შორის სიახლეებში, წიგნებსა და სარეკლამო მასალებში. რუკები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ძირითადი საცნობარო ინფორმაცია.
კუნძული მოიცავს 350–მდე კვადრატულ კილომეტრს. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთსა და ჩინეთს შორის მასზე კონტროლისთვის ხანგრძლივი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ 1920-იან და 1930-იან წლებში კუნძული საბჭოთა ჯარებმა "დაცვის ქვეშ აიყვანეს".
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუნძული დარჩა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ. ჩინეთმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა ტერიტორიის მიმართ და მის სტატუსს აპროტესტებდა 1964 წლიდან. 2008 წელს რუსეთმა ჩინეთს გადასცა კუნძულის დასავლეთი ნაწილი და სხვა ტერიტორიები. მაშინ ექსპერტებმა მიუთითეს მოსკოვის გრძელვადიან ინტერესებზე ორ ქვეყანას შორის სტაბილური ურთიერთობების მიმართ.
უსურის კუნძულის გარდა, ჩინეთმა რუკებზე თავის ტერიტორიად მონიშნა ინდოეთის შტატი არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის სასაზღვრო რეგიონი. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადასცა საკუთარი უკმაყოფილება პეკინს.


