Bloomberg: პუტინი მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად დატოვებს ქვეყანას
29/08/2023 16:03:35 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად დატოვებს ქვეყანას – იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ პუტინი ჩინეთში გამგზავრებას დათანხმდა.
როგორც გამოცემას საკითხის მცოდნე სამმა პირმა უამბო, კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში ოქტომბრის თვეში, Belt and Road ფორუმისთვის. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად. ორი თანამოსაუბრის ცნობით, პუტინი მზადაა, ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.
პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ პერიოდში ის კრემლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვია.


