გერმანიის შსს რუსული დეზინფორმაციის მასშტაბით შეშფოთებულია
29/08/2023 15:02:55 მსოფლიო
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მუდმივ მცდელობებს აფიქსირებს.
"რუსული სტრუქტურები აგრძელებენ დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. ისევე, როგორც ადრე, დეზინფორმაციული ნარატივები ვრცელდება აქტუალურ თემებზე. ამავდროულად, რუსეთი კვლავ ეყრდნობა სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული აქტორების რთულ ქსელს." - ციტირებს სააგენტო dpa შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს.
ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციისთვის განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ისეთი სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram.
სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები ცრუ ინფორმაციას ცნობილი საინფორმაციო პორტალებიდან ავრცელებენ.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უწყება სერიოზულად ეკიდება "გარე გავლენისა და მანიპულაციის საფრთხეს" და მკაცრად ეწინააღმდეგება მათ.
მისი თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ გერმანიაში საზოგადოებრივ აზრზე, გაზარდონ კონფლიქტები გერმანულ საზოგადოებაში და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთავრობის ქმედებების მიმართ.


