რუსეთისთვის დრონების კომპონენტების მიწოდებისთვის გერმანიაში კაცი დააკავეს
29/08/2023 14:12:36 მსოფლიო
გერმანიაში რუსულ სამხედრო კომპანიისთვის ელექტრონული კომპონენტების მიყიდვის ბრალდებით პირი დააკავეს.
გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე ვალდემარ ვ.-ს (გვარი არ სახელდება) ბრალი ედება საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კანონის დარღვევაში, რუსული თავდაცვის კომპანიისთვის ელექტრონული პროდუქციის მიწოდების გამო 2020 წლიდან 2023 წლამდე.
ფედერალური პროკურატურის ცნობით, კომპონენტები განკუთვნილი იყო რუსული დრონის Orlan 10-ის წარმოებისთვის.
როგორც იუწყებიან, ბრალდებულის კომპანიამ ელექტრონული ნაწილები მესამე ქვეყნიდან გერმანიაში შეიტანა და შემდეგ ორ რუს შუამავალს გადაუგზავნა. მათი მეშვეობით პროდუქცია მოხვდა რუსეთში. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ექსპორტი დუბაისა და ლიეტუვის გავლით განხორციელდა.
ექსპორტირებული კომპონენტების ჯამურმა ღირებულებამ 714 ათასი ევრო შეადგინა.
დასავლეთის ქვეყნები ეჭვობენ, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ამარაგებს. რამდენიმე მათგანს სანქცია დაეკისრა. ბოლო მონაცემებით, თვითმფრინავების კომპონენტების თითქმის 70% რუსეთში ჩინეთიდან შედის. თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე კომპონენტების 5% და 2% მოდის.


