
საქსტატი: 2023 წლის პირველ ნახევარში გაზის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა
29/08/2023 12:44:17 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის ექვს თვეში საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 1.71 მილიარდი მეტრ კუბი გაზის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შესაბამისი მაშვენებელი 1.62 მილიარდი მეტრ კუბი იყო.
საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია გაზის მოხმარებაც. კერძოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 1.72 მილიარდი მეტრ კუბი გაზი მოიხმარა, გასული წლის პირველ ნახევარში კი - 1.63 მილიარდი მეტრ კუბი.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ქვეყნის შიგნით მოხმარებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობიდან 388.4 მლნ.მ3 ელექტროენერგიის წარმოებისთვისაა გამოყენებული. საქართველო ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანიდან იღებს, თუმცა წელს ენერგეტიკულ ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციის წილი. BMG–ს ცნობით, 2023 წლის ექვს თვეში საქართველომ რუსეთიდან ჯამში 422 276 943 კბ.მ მოცულობის გაზი იყიდა, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 193 მლნ კბ.მ.-ია.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდის მიზეზები განმარტა. ნარმანიას თქმით, აზერბაიჯანიდან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ გაზს საქართველო თბოსადგურების მუშაობისთვისაც იყენებს, ხოლო 2023 წლის ზამთარში თბოსადგურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ელექტროენერგიის იმპორტი არ განეხორციელებინა.
ნარმანიას მტკიცებით, რუსეთის წილი მთლიან იმპორტში მცირეა და წლიური ზრდა თბოსადგურების სრული დატვირთვით მუშაობამ გამოიწვია, იმისთვის, რომ ქსელს გამართულად ემუშავა.
“რუსეთისგან იმპორტი ძირითადად სისტემის დაბალანსებას და წნევის უზრუნველყოფას ხმარდება დიდწილად. როდესაც აზერბაიჯანიდან მოდის ბუნებრივი აირი მას ორი მსხვილი მოხმარება ხვდება გზად. გზაში როგორც კი შემოდის საზღვრიდან ეს არის გარდაბანი-რუსთავი, ანუ გარდაბნის თბოსადგურს ემატება რუსთავი როგორც მსხვილი მომხმარებელი. შემდეგ უკვე თბილისი როგორც დიდი და მსხვილი მოხმარება. ამის შემდგომ გაზსადენში გაზის წნევა მნიშვნელოვნად მცირდება. რუსეთიდან იმპორტირებული გაზი, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოდის საგურამოს სადგურთან დამატებითი წნევის შეშვება ხდება რომ ამ წნევადავარდნილ ქსელში წნევა გაიზარდოს და მერე უკვე მოხდეს ამ გაზის გადატუმბვა დასავლეთის მიმართულებით. რადგან ზამთარში თბოსადგურები სრული დატვირთვით ვამუშავეთ და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მეტი გაზი დარჩა ამ მსხვილი მოხმარების ადგილზე და სისტემის წნევის რეგულირებისთვის მეტი გაზის “მოქაჩვა" გახდა საჭირო რუსეთიდან”,- ამბობს ნარმანია.