საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე ტრამპის სასამართლო 2024 წლის 4 მარტს დაიწყება
28/08/2023 16:55:29 მსოფლიო
საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასამართლო 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.
ეს გადაწყვეტილება 28 აგვისტოს მიიღო მოსამართლე ტანია ჩუტკანმა, რომელმაც უარყო ტრამპის დაცვის თხოვნა სასამართლო გადადებულიყო 2026 წლის აპრილამდე - ანუ 2024 წლის არჩევნებიდან დაახლოებით ერთი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ. ამავდროულად, მოსამართლის მიერ დანიშნული თარიღი სრულად არც საგანგებო პროკურორის ჯეკ სმიტის გუნდის თხოვნას აკმაყოფილებს - პროკურორები სასამართლოს 2024 წლის იანვარში ითხოვდნენ.
"საზოგადოებას უფლება აქვს ეს საკითხი სწრაფად და შედეგიანად გადაიჭრას", - განაცხადა მოსამართლემ.
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პირველია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ აღძრულია 4 საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


