კარასინი: "რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ"
28/08/2023 15:26:38 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ "მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ".
"საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი ქვეყნებს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია“, - განაცხადა მან რუსულ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის: საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს და შემდეგ გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.


