
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე: შიომღვიმის მონასტრის მარჯვენა მხარეს ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება
28/08/2023 11:03:07 საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი დამატებითი კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
მისი თქმით, მონასტრის მარჯვენა მხარეს ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება:
„ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები, შეისწავლეს არსებული ვითარება, რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება და შეიზღუდება მომლოცველთა, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. პარალელურად განვაგრძობთ დაკვირვებას. ამ მომენტისთვის გეოლოგებმა არსებული ვითარება შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა“, – აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.
ცნობისთვის: შიომღვიმეში კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.