რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აშშ-ის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს ომზე ინფორმაციის შეგროვების თაობაზე ბრალდება წაუყენა
28/08/2023 10:26:40 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აშშ-ის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელ რობერტ შონოვს ომზე ინფორმაციის შეგროვების თაობაზე ბრალდება წაუყენა.
როგორც ფსბ ამტკიცებს, შონოვი „მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ინფორმატორის როლს ასრულებდა და ინფორმაციას აგროვებდა სპეციალური სამხედრო ოპერაციისა (რუსეთის ხელისუფლება ასე უწოდებს უკრაინაში მიმდინარე ომს) და რუსეთის რეგიონებში მობილიზაციის შესახებ. ასევე აგროვებდა ინფორმაციას საპროტესტო განწყობებზე რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში".
ფსბ აპირებს დაკითხოს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლები, ჯეფრი სილინი და დევიდ ბერნსტაინი, რომლებიც, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დავალებებს აძლევდნენ შონოვს. რა სახის მონაცემები შეაგროვა შონოვმა და არის თუ არა ისინი საიდუმლო, ფსბ არ იუწყება.
ვლადივოსტოკში აშშ-ის გენერალური პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი 62 წლის რობერტ შონოვი 2023 წლის გაზაფხულზე "უცხოეთის სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობის" ბრალდებით დააკავეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო შონოვის დაკავება და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. უწყების თანახმად, შონოვმა ვლადივოსტოკში 25 წელზე მეტ ხანს იმუშავა, 2021 წელს საკონსულოს დახურვის შემდეგ კი მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მომსახურების თაობაზე. "დაპატიმრების მომენტისთვის შონოვის ამოცანა იყო რუსეთის საჯაროდ ხელმისაწვდომი მედიასაშუალებებიდან მასალების შეგროვება", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შონოვს თავისუფლების 3-დან 8 წლამდე აღკვეთა ემუქრება.


