
ონის მერი: საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება
28/08/2023 06:53:05 საზოგადოება
ონის მერ სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება.
"ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.