
მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებული იყო
28/08/2023 06:05:31 მსოფლიო
მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებული იყო. რუსული მედიის ცნობით, დრონების შესაძლო თავდასხმის გამო დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა ფრენები დროებით შეაჩერეს.
28 აგვისტოს დილით ჯერ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქის ლუბერეცის რაიონში ჩამოაგდეს".
„აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა.
ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. მორიგი შეტევის შესახებ დღეს დილით იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, გასულ ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში გაანადგურეს.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.