ქართულმა მხარემ ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო
27/08/2023 19:24:48 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა.
საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას.
„როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტა - ევროპამ“ 23 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ექვსი მოქალაქე საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოსვლა უშედეგოდ სცადეს.
გამოცემა წერდა, რომ მათ საზღვრის კვეთა 16–17 აგვისტოს სცადეს, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა „სხვა მიზეზებით“ ამის ნება არ მისცეს. მას შემდეგ ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ იმყოფებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
ამასთან, როგორც გამოცემას საზღვარზე ჩარჩენილი ერთ–ერთი მამაკაცის დედამ ტატიანა ზარუბინამ 22 აგვისტოს უამბო, რუსი ძალოვანები ცდილობდნენ „ნეიტრალური ზონიდან“ მისი შვილის გატაცებას, თუმცა დანარჩენმა უკრაინელებმა ატეხეს ხმაური და ბიჭი არ გაატანეს, „მოირბინეს ქართველმა მესაზღვრეებმაც – ეს სმენა ჩვენებს კარგად ექცეოდა. ისინი დაეხმარნენ ბიჭებს მოგერიებაში და უთხრეს, რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ მათ საგუშაგოსთან, სადაც რუს მესაზღვრეებს არ უშვებენ“.
ქალის ნაამბობი გამოცემას დაუდასტურა უფლებადამცველი ორგანიზაციის Unmode-ს ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა:
„ФСБ –ს სამოქალაქო ფორმაში გამოყწობილი თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან და ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩატენვა სცადეს, დანარჩენებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები გამოიქცნენ. ახლა ამ ბიჭებს ისინი მალავენ თავიანთ ტერმინალში“.
მისი თქმით, კაცი, რომლის გატაცებაც რუსმა ძალოვანებმა სცადეს, უკრაინის მოქალაქეა, 40 წლის მიხეილი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და აქვს ბინადრობის ნებართვაც რუსეთში დის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელიც კრასნოდარში ცხოვრობს. თუმცა ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა: სპეცსამსახურებმა დასაკითხ ოთახში მოათავსეს, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ფურცელზე, რომელზეც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია, ხოლო უარის თქმის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სცემდნენ. ჯამში მან დაახლოებით 60 დღე დაჰყო პატიმრობაში, შემდეგ „რაღაც სასწაულით რუსეთის საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც მოხვდა უკრაინელი პატიმრების ჯგუფთან, რომლებიც ჩვენ გამოგვყავს“:
„მიხეილმა საქართველოს საზღვრის გავლაც კი მოახერხა, მაგრამ საგუშაგოდან არც თუ ისე შორს გაჩერდა და დანარჩენ ბიჭებს დალოდებოდა. მოგვიანებით მესაზღვრეებმა ის ბუფერულ ზონაში დააბრუნეს და საქართველოში შესვლა აუკრძალეს“,– ყველა უფლებადამცველი.
ის ყვებოდა, რომ უკრაინელებისთვის მოხერხდა საკვების, წყლის, საბნების მიწოდება, მაგრამ ეს დროებითი ზომებია: ერთი კვირაა, მათ ქუჩაში, რთულ პირობებში უწევთ ყოფნა და მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება:
„მათი საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს. მათ შორის ერთი აივ ინფიცირებულია. მას უკვე ოთხი დღეა მედიკამენტები არ მიუღია. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღიურად შესამჩნევად უარესდება“,– აცხადებდა უფლებადამცველი.


