რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრიგოჟინის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა
27/08/2023 13:55:13 მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
"ამოცნობილია კატასტროფის მსხვერპლთა ცხედარები და მათი იდენტობა ადასტურებს რეისის სიას", – აცხადებენ კომიტეტში.
მანამდე, რუსეთის შესაბამისი უწყებები ამბობდნენ, რომ პრიგოჟინი და "ვაგნერის" საველე მეთაური, დმიტრი უტკინი იყვნენ მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში.
თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ტრაგიკული" უწოდა და თქვა, რომ "აბსოლუტური სიცრუეა" ვარაუდები კატასტროფის განზრახ გამოწვევის თაობაზე.
მიმდინარე წლის 23-24 ივნისს 62 წლის პრიგოჟინი სათავეში ედგა მოკლევადიან ამბოხებას რუსეთის არმიის ლიდერების წინააღმდეგ. მისმა მებრძოლებმა მცირე ხნით დაიკავეს სამხრეთის ქალაქი, დონის როსტოვი და მოსკოვზე მსვლელობა დაიწყეს, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის გადაყენების მოთხოვნებით.
ეს ამბოხება იყო ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შექმნია მისი, ორ ათწლეულზე ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში.


