უკრაინის დაზვერვა: ღამით ყირიმში რუსეთის 126-ე ბრიგადას დაარტყეს
25/08/2023 15:53:26 მსოფლიო
25 აგვისტოს ღამეს ყირიმში, სიმფეროპოლის ოლქის სოფელ პერევალნოეში, დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფედერაციის 126-ე გვარდიულ ბრიგადას, განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
მისი თქმით, ეს არ იყო პირველი დარტყმა რუსეთის ბრიგადაზე.
„როგორც გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა თავის ბოლო ინტერვიუში: უკრაინას ახლა შეუძლია დარტყმის განხორციელება და ოპერაციების ჩატარება ოკუპირებული ყირიმის ნებისმიერ წერტილში. იქ ბევრი სიახლე იქნება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა იუსოვმა.
პერევალნოეში რუსეთის ფედერაციის სანაპირო თავდაცვის 126-ე ცალკეული გვარდიის ბრიგადის ბაზა (სამხედრო ნაწილი 12676) და მე -8 ცალკეული საარტილერიო პოლკია (სამხედრო ნაწილი 87714) განთავსებული. იქ ინახება სამხედრო აღჭურვილობა, იარაღი, ასევე, სავარაუდოდ, საწვავი.
მანამდე სევასტოპოლის დე ფაქტო ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „42 უპილოტო საფრენი აპარატის“ აღმოჩენის შესახებ ისაუბრა. უწყების ცნობით, „ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, 33 ჩაახშეს“. ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა.
ერთი დღის წინ უკრაინის დაზვერვამ ყირიმში ოპერაციის ჩატარების შესახებ განაცხადა და დესანტის გადასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. დაზვერვამ თქვა, რომ ჯგუფმა დასახული ამოცანები შეასრულა და კონტროლირებად ტერიტორიაზე უდანაკარგოდ დაბრუნდა./


