
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
25/08/2023 13:29:06 პოლიტიკა, საზოგადოება
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც განიხილება დედაქალაქში ცათამბჯენების მშენებლობის საკითხი. სხდომა დატოვა დარბაზში მყოფმა 9-ვე დეპუტატმა.
ენმ–ის წევრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" აპირებს, პარტიული დავალება შეასრულოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა არა თბილისის ინტერესების სასარგებლოდ.
"დღეს უპირობოდ აპირებენ ამ პროექტებისთვის მწვანე შუქის ანთებას. ამ მოჩვენებით პროცესში მონაწილეობა იყო ჩვენთვის მიუღებელი", - ამბობს ენმ–ის ანა გოგოლაძე.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, საკითხის განხილვაში ჩართულიყვნენ დარგის სპეციალისტები:
"7-8 საათი ვმუშაობდით საკითხებზე იმის გამო, რომ იყო კრიტიკული. ამის მიუხედავად, არცერთ პროექტზე თურმე დაინტერესებულ პირებს და ჩართულ მხარეებს არ გამოუთქვამთ ისეთი ვალიდური არგუმენტები, რაც "ქართული ოცნებისთვის" იქნებოდა მისაღები - საკითხის განხილვა გადაედო და ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა ჩართულობით გადაწყვეტილიყო ამ პროექტების ბედი".
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეები შერჩევითად შეუშვეს. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარემ დაასახელა მათი გამოხატვის ფორმები.
"იყვნენ ადამიანები, დააფიქსირეს კონსტრუქციულად საკუთარი პროტესტი და უკმაყოფილება პროექტებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავდროულად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით დააფიქსირეს თავის მოსაზრებები...
დღესაც ესწრებიან აქ ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და არავის პრობლემა არ შეჰქმნია, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც გამოირჩევა ამგვარი ქმედებებით. მიკვირს თქვენი, რომ ასეთ კითხვას სვამთ და არ იცით, რატომ არ ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხდომაზე", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში 81 საკითხია. მათგან მინიმუმ სამი ეხება დედაქალაქში ცათამბჯენების მშენებლობას, რომელთაც კავშირი აქვთ მმართველი პარტიის წევრებთან.