უკრაინის გენშტაბი ზაპოროჟიეს რეგიონში ორი მიმართულებით წარმატების შესახებ იუწყება
25/08/2023 10:57:57 მსოფლიო
ზაპოროჟიეს რეგიონში ნოვოდანილოვკასა და მალაია ტოკმაჩკას მიმართულებებზე უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედროები მიღწეულ ხაზებზე გამაგრდნენ, მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებს არტილერიით აყენებენ ზარალს და ახორციელებენ კონტრბატარეულ ზომებს.
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები მიიწევენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ ხაზებზე თავს იცავენ.
„ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონეცკის ოლქის ავდიევკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს პირად შემადგენლობაში, იარაღსა და აღჭურვილობაში, ახორციელებს ქვედანაყოფებისა და ჯარების გადაადგილებას და აქტიურად იყენებს რეზერვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობა დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის მოგერიებას კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით, გრძელდება მძიმე ბრძოლები.
წინა დღით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ყველა მიმართულებაზე ვითარება არის „დაძაბული და ძალიან დინამიური“. კერძოდ, მისი თქმით, ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარები წარუმატებლად უტევენ მიზანით, რომ განდევნონ უკრაინის შეიარაღებული ძალები შემდეგი რაიონებიდან: სერებრიანსკიდან, კრემენოიდან, ბელოგოროვკადან. ამ მიმართულებით, მტერი გეგმავს ჯარების გადაჯგუფებას და ჩანაცვლებას, – დასძინა მან.


