Accentnews.ge
"გაცოფებულები არიან": რა გეგმები აქვთ "ვაგნერში" პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ

"გაცოფებულები არიან": რა გეგმები აქვთ "ვაგნერში" პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ

25/08/2023 10:04:19 მსოფლიო

"ვაგნერს" მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს დაჯგუფების დამფუძნებლის თვითმფრინავი ტვერში ჩამოვარდა და სავარაუდოდ თავადაც დაიღუპა კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურებთან ერთად, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მხოლოდ "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომ "პრიგოჟინი მოკვდა რუსეთის მოღალატეების ქმედების გამო".

„როგორც ჩანს, მეთაურები აპირებენ მიმართვის ჩაწერას, მაგრამ პირველ რიგში, მებრძოლებისთვის",– უთხრა "მედუზას" "ვაგნერელმა", რომელიც გამოცემის ცნობით უკრაინიდან ახლახანს დაბრუნდა, „იმიტომ რომ ჩვენთან ზოგიერთი პანიკაში იყო, ზოგიერთი ლოცულობდა. ყველანი გაგიჟებულები ვართ და ბევრი გაცოფებულია – შურისძიება სურთ. რის გაკეთებას არ აპირებენ! კრემლზე ავტომატებით შეტევას. ყველას ესმის, რომ ეს იყო შურისძიება, რომ პრეზიდენტი მსგავს რამეებს არ პატიობს“.

თვითმფრინავი ჩამოვარდა პრიგოჟინის აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის თავზე. ”ამას ყველანი ველოდით”, - უთხრა "მედუზას" "ვაგნერის" ვეტერანმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში კონტრაქტით იბრძვის და კონტაქტს ინარჩუნებს "ვაგნერთანაც" – , "მხოლოდ ერთი კითხვა იყო, როდის? მეგონა, აფრიკაში დაარტყამდნენ, მაგრამ ასე დაარტყეს. მან ამ მარშით საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი: ასეთ ვითარებაში ან ბოლომდე უნდა წასულიყო, ან საერთოდ არ დაეწყო".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ვაგნერის" დაქირავებულები და ვეტერანები აღიარებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კერძო სამხედრო კომპანიამ რაიმე სერიოზული მოიმოქმედოს პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ.

”რა თქმა უნდა, სამწუხაროა: ევგენი ვიქტოროვიჩი სერიოზული ადამიანი იყო, ჩვენ მას მამა ვუწოდეთ”, - განმარტა დაქირავებულმა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო შეთავაზება აფრიკაში "ვაგნერის" კონტიგენტის გაძლიერების შესახებ, – „მაგრამ დრო უკვე გავიდა, გესმით? ეს რომ მომხდარიყო 27 ივნისს, მარშის შემდეგ მალევე, დიახ, იქნებოდა რეაქცია. ახლა კი ... ვიღაც შვებულებაშია, ვინ საკუთარ ცხოვრებას ალაგებს, ვიღაც უკვე გადავიდა თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ".

”არავითარი მღელვარება: ორი კვირის განმავლობაში დაღეჭავენ ამ სისულელეს [სოციალურ ქსელებში] და დაივიწყებენ”, - დასძინა "ვაგნერის" ვეტერანმა, რომელმაც კონტრაქტი რუსეთის თავდაცვასთან გააფორმა - "ახლა ბიჭებიდან ზოგი ბელარუსიაშია გამოკეტილი, ზოგი – აფრიკაში, დანარჩენები კი რუსეთის ტერიტორიაზე თანაბრადა არიან გაშლილი. წინასწარ განდევნეს ყველა მიმართულებით – [ქვეყნის] ხელმძღვანელობამ საკუთარი თავის უსაფრთხოება უზრუნველყო. ნაწილი უკვე მირეკავს და მეკითხება: როგორ მოვხვდე თქვენთან [რაზმში]?”.

"მედუზას" ცნობით, მას დაეთანხმა მოქმედი "ვაგნერელიც": „საერთოდაც, ახლა საავადმყოფოში ვარ და [უკრაინაში სამსახურისთვის "ვაგნერისგან"] ჯერ არ მიმიღია ხელფასი ან დაზღვევა. ვერც ვერავის ვურეკავ – ტელეფონები უბრალოდ გამორთულია.”

იმის, რომ პრიგოჟინს შეეძლო საკუთარი სიკვდილის ინსცენირება, როგორც ეს გააკეთა ორჯერ – 2019 და 2022 წლებში, "მედუზას" ცნობით, მის გარემოცვას თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში აღარ სჯეროდა.

”ორივე "ფეიკის" შემთხვევაში [პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ] ჩვენ გვქონდა კონკრეტული პროტოკოლები: სად უნდა გამოქვეყნებულიყო ინფორმაცია და როგორ”, - განმარტა წყარომ, რომელიც იცნობს პრიგოჟინის "იმპერიის" მუშაობის მეთოდებს - "და ბოლოს, ყველაფერი "ბოსთან" დაახლოებული არხების მიხედვით იმართებოდა. მაგრამ ამჯერად არაფერი იყო მომზადებული და ყველაფერი სობჩაკის მეშვეობით მოედინებოდა. მოკლედ, გამოთაყვანდნენ. გაურკვეველია, რა მოხდება შემდეგ".

იხილეთ ასევე: „ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შექმნა“: პუტინის სასახლესთან „დაშვებული“ თვითმფრინავი და შესაძლო შედეგები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S