საგარეო უწყებამ ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა
25/08/2023 06:27:02 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რომ საქმის კურსში მყისიერად ჩააყენეს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულჰა და მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზეს.
„უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ნოვაია გაზეტა - ევროპას“ ინფორმაციით, ერთ კვირაზე მეტია, უკრაინის ექვსი მოქალაქე საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოსვლა უშედეგოდ სცადეს.
გამოცემა წერს, რომ მათ საზღვრის კვეთა 16–17 აგვისტოს სცადეს, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა „სხვა მიზეზებით“ ამის ნება არ მისცეს. მას შემდეგ ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.
ამასთან, როგორც გამოცემას საზღვარზე ჩარჩენილი ერთ–ერთი მამაკაცის დედამ ტატიანა ზარუბინამ 22 აგვისტოს უამბო, რუსი ძალოვანები ცდილობდნენ „ნეიტრალური ზონიდან“ მისი შვილის გატაცებას, თუმცა დანარჩენმა უკრაინელებმა ატეხეს ხმაური და ბიჭი არ გაატანეს, „მოირბინეს ქართველმა მესაზღვრეებმაც – ეს სმენა ჩვენებს კარგად ექცეოდა. ისინი დაეხმარნენ ბიჭებს მოგერიებაში და უთხრეს, რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ მათ საგუშაგოსთან, სადაც რუს მესაზღვრეებს არ უშვებენ“.
ქალის ნაამბობი გამოცემას დაუდასტურა უფლებადამცველი ორგანიზაციის Unmode-ს ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა:
„ФСБ –ს სამოქალაქო ფორმაში გამოყწობილი თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან და ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩატენვა სცადეს, დანარჩენებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები გამოიქცნენ. ახლა ამ ბიჭებს ისინი მალავენ თავიანთ ტერმინალში“.
მისი თქმით, კაცი, რომლის გატაცებაც რუსმა ძალოვანებმა სცადეს, უკრაინის მოქალაქეა, 40 წლის მიხეილი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და აქვს ბინადრობის ნებართვაც, ხოლო რუსეთში დის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელიც კრასნოდარში ცხოვრობს. თუმცა ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა: სპეცსამსახურებმა დასაკითხ ოთახში მოათავსეს, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ფურცელზე, რომელზეც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია, ხოლო უარის თქმის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სცემდნენ. ჯამში მან დაახლოებით 60 დღე დაჰყო პატიმრობაში, შემდეგ „რაღაც სასწაულით რუსეთის საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც მოხვდა უკრაინელი პატიმრების ჯგუფთან, რომლებიც ჩვენ გამოგვყავს“:
„მიხეილმა საქართველოს საზღვრის გავლაც კი მოახერხა, მაგრამ საგუშაგოდან არც თუ ისე შორს გაჩერდა და დანარჩენ ბიჭებს დალოდებოდა. მოგვიანებით მესაზღვრეებმა ის ბუფერულ ზონაში დააბრუნეს და საქართველოში შესვლა აუკრძალეს“,– ყველა უფლებადამცველი.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის მოხერხდა საკვების, წყლის, საბნების მიწოდება, მაგრამ ეს დროებითი ზომებია: ერთი კვირაა, მათ ქუჩაში, რთულ პირობებში უწევთ ყოფნა და მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება:
„მათი საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს. მათ შორის ერთი აივ ინფიცირებულია. მას უკვე ოთხი დღეა მედიკამენტები არ მიუღია. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღიურად შესამჩნევად უარესდება“,– ამბობს უფლებადამცველი.


