მოსკოვის აეროპორტები კვლავ დაიხურა რუსეთის რამდენიმე რეგიონში მომხდარი აფეთქებების შემდეგ
25/08/2023 06:43:32 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს 25 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის თავზე.
რუსული სახელმწიფო უწყების შეტყობინება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რუსულმა მედიამ ღამით კალუგის, ტულასა და მოსკოვის რაიონებში აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სავარაუდოდ ჩამოაგდეს S-200 საზენიტო სარაკეტო სისტემის მოდიფიცირებული რაკეტა.
ტელეგრამ–არხი Baza იტყობინება, რომ რაკეტა ჩამოაგდეს შაიკოვკას სამხედრო აეროდრომთან. ამავდროულად, რუსული წყაროები იტყობინებიან ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების შესახებ ობნინსკოესა და მალოიაროსლავეცის მიდამოებში - ეს არის კალუგის რეგიონის ნაწილი, რომელიც ახლოსაა მოსკოვთან.
მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტები დროებით დაიხურა, – იტყობინება რუსული სახელისუფლებო სააგენტო TASS. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვის აეროპორტების დახურვა მოუწიათ.
მანამდე იტყობინებოდნენ ყირიმში აფეთქებების შესახებ.
ბოლო პერიოდში ხშირად ხორციელდება შეტევა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებზე, მათ შორის, მოსკოვზე და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებზე.


