Accentnews.ge
პენტაგონი: ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს

პენტაგონი: ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს

25/08/2023 06:19:22 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს.

„ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

ამასთან, მან არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელმაც სავარაუდოდ, რუსი დაქირავებულთა სარდალი, ევგენი პრიგოჟინი მოკლა, განზრახ მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია, - იუწყება AP ამერიკელ და დასავლელ წყაროებზე დაყრდნობით.

ოფიციალურმა პირებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას შეეძლო გამოეწვია 23 აგვისტოს მომხდარი აფეთქება, რომელსაც, პრიგოჟინის გარდა, თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი რამდენიმე მაღალი რანგის „ვაგნერელიც“ შეეწირა.

23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნეს-ჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა, ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფების ცხედრები.

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის ფაქტი.

„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღაწევდა. საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი,“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S