ბელარუსში „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკი იხურება
24/08/2023 19:11:11 მსოფლიო
ბელარუსის მოგილიოვის ოლქში, ქალაქ ოსიპოვიჩთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს და ამ დროისთვის კარვების მესამედი აღებულია, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ბელარუსული სამსახური, რომელმაც კომპანია Planet Labs-ს მიერ 23 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტო შეისწავლა.
"რადიო თავისუფლების" შეფასებით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129-მდე კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი განხორციელდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან დაახლოებით 27 დაშალეს, ცენტრალურ ნაწილში – დაახლოებით 80-დან - ცხრა. ამრიგად, 273 საცხოვრებელი კარვიდან დაახლოებით 101 უკვე დაშლილია.
სამხედრო ბანაკი ბელარუსში ივნისის ბოლოს, მას შემდეგ შექმნეს, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, მისმა ნაწილმა ბელარუსში დაიდო ბინა.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.
24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში აქტიურად იყენებდა. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მან 23 ივნისს, განაცხადა რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. მოგვიანებით, 24 ივნისს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალური იყო და ამიტომ "ვაგნერელები" საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ღალატი" უწოდა.


