ნემცოვის ერთ–ერთი მკვლელი საპატიმრო სასჯელის იძულებითი შრომით შეცვლას ითხოვს
24/08/2023 13:07:29 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული თემირლან ესკერხანოვი პატიმრობის იძულებითი შრომით შეცვლას ითხოვს. ინფორმაცია ესკერხანოვის ადვოკატმა ოლგა გოლუბმა დაადასტურა.
მანამდე პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ილია იაშინმა თქვა, რომ საპატიმროში ჩეჩენ ნეთიდან პატიმრებს ხვდება და მათგან აქვს ინფორმაცია, რომ ნემცოვის მკვლელებმა სავარაუდოდ, კონტაქტები გააფორმეს კერძო სამხედრო კომპანიებთან და ახლა თავისუფლებაზე იმყოფებიან ჩეჩნეთში. მან ჟურნალისტებს სთხოვა ვითარებაში გარკვევა. კერძოდ, იხდიან თუ არა ამჟამად სასჯელს ზაურ დადაევი, ანზორ და შადიდ გუბაშევები, ხამზატ ბახაევი და თემირლან ესკერხანოვი.
ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის გამოძიება ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე იყო „ხარვეზიანი და არაეფექტური“. სარჩელით სტრასბურგს ნემცოვის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ მიმართა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ნემცოვას არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვლის ღამეს მოსკოვის ცენტრში,კრემლთან. უცნობმა პირებმა მას 7-ჯერ ესროლეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან თეთრი მანქანით მიიმალნენ. მოგვიანებით პოლიციამ მანქანა მიტოვებული იპოვა.
2017 წელს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ საქმეში გამოვლენილ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. ზაურ დადაევს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის თანამზრახველებს: ანზორ გუბაშევს - 19 წელი, შადიდ გუბაშევს - 16, თემირლან ესკერხანოვს - 14, ხამზათ ბახაევს - 11. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ათასი რუბლით, ყველა მსჯავრდებულმა სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიებში უნდა მოიხადოს. გამოძიებას მკვლელობის უშუალო დამკვეთის ვინაობა არ გამოუვლენია.
როგორც The Insider–მა გაარკვია, 2014 წლიდან ნემცოვს უთვალვალებდა ФСБ–ს მკვლელების ჯგუფის სულ მცირე სამი წევრი, რომლებმაც შემდგომ ასევე ოპოზიციონერები ალექსეი ნავალნი, დიმიტრი ბიკოვი და ვლადიმერ კარა-მურზა მოწამლეს.


