უკრაინული დაზვერვა ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე იუწყება
24/08/2023 10:18:47 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ტარხანკუტის კონცხზე მდებარე სოფელ მაიაკთან საზღვაო საშუალებების და ავიაციის მონაწილეობით ბრძოლა იყო, – იუწყება "რადიო თავისუფლების" პროექტი Крым.Реалии უკრაინის დაზვერვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბრძოლა დღეს დილის ხუთიდან ექვს საათამდე გაგრძელდა.
სოფელ მაიაკში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტთან ურთიერთქმედებით ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის მიზნები მიღწეულია და პირად შემადგენლობაში დანაკარგი არ არის. დეტალები იუსოვს არ დაუკონკრეტებია. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ცნობით, მოწინააღმდეგეს აქვს დანაკარგები, რაც ამ ეტაპზე ზუსტდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაიაკთან ბრძოლის შესახებ კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


