ევროპელი ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ: "თქვენი მომავალი ჩვენთანაა"
24/08/2023 09:53:14 მსოფლიო
ევროპელი ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მათი თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი:
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მინდა გამოგიგზავნოთ ჩემი უთბილესი მილოცვა თითოეულ თქვენგანს. უკრაინის სიძლიერე გადის უკრაინელ ხალხზე, თქვენს სიმამაცეზე, თქვენს ძალასა და მტკიცე იმედზე, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ერთიან ევროპაში თქვენ ხართ ყველა ევროპელისთვის ინსპირაცია, ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით იქამდე, ვიდრე უკრაინა არ იქნება თავისუფალი. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და გვექნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდება უკრაინას".
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლა:
"ძვირფასო უკრაინელებო დამოუკიდებლობის დღეს მინდა გისურვოთ მშვიდობა, თავისუფლება, სამართლიანობა და ბედნიერი ევროპული მომავალი. თქვენი სიმამაცე, თქვენი გადაწყვეტილება, მტკიცედ დადგომოდით აგრესორს არის ინსპირაცია მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის, თქვენს გვერდით ვართ დღეს და ვიდგებით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. დიდება უკრაინას".
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:
"ჩემო ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. თქვენს გვერდით ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. თქვენ ხართ ევროპული ოჯახის წევრი და თქვენი მომავალიც ჩვენთანაა. ევროკავშირის დროში ვარსკვლავები თქვენს თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში იფრიალებს. დიდება უკრაინას".
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი:
"ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ისინი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავენ. 9 წელზე მეტია რუსეთი არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. უკრაინელები ყოველდღე მამაცურად იბრძვიან თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცავთ. ამასთან, უკრაინა გარდაქმნის საკუთარ თავს ძირითადი რეფორმებით და წარმატებას აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს უკრაინის მომავალია და ჩვენ, ევროკავშირი, უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება".
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”.


