
ონის მერი: შოვში დაღუპული 29 პირიდან 28 იდენტიფიცირებულია
24/08/2023 09:28:14 საზოგადოება
შოვში დაღუპული 29 პირიდან 28 იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ ონის მერმა სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
''კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 დაღუპული მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე", - განაცხადა ონის მერმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.