FT: პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო
24/08/2023 06:59:57 მსოფლიო
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომელიც ტვერის რეგიონში ჩამოვარდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ამის შესახებ Financial Times-ს დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.
FT-ის წყარომ ვერ დაადასტურა, იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე, მაგრამ აღნიშნა: "პუტინი ტყვეებს არ იღებს".
Embraer ERJ 135 ბიზნეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ვალდაიში, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს, ოთხი S-300–ია განთავსებული,რომლებიც იცავენ რეზიდენციას,– განუცხადა რუსეთის მთავრობიდან წყარომ The Moscow Times-ს.
თვითმფრინავი რეზიდენციიდან ფაქტობრივად 50 კილომეტრში ჩამოვარდა. "დააკვირდი როგორ დაეცა", - ამბობს წყარო, „ის ჩამოაგდეს. თვითმფრინავმა უბრალოდ დაკარგა პლანერი“.
თუ პრიგოჟინი მართლაც იყო ჩამოვარდნილ თვითმფრინავში,მომხდარის მიზეზი ივნისის ამბოხებაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც მან თავად უწოდა "სამართლიანობის მარში", - განუცხადა გამოცემას კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.
სამძებრო სამუშაოები ავარიის ადგილზე, სოფელ კუჟენკინოს მახლობლად დასრულდა დაახლოებით 23:00 საათზე და ბორტზე მყოფი 10–ვე ადამიანის ცხედარი იპოვეს, – განუცხადეს "ინტერფაქსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში. "ბაზა" წერს, რომ ცხედრები მძიმედ იყო დაზიანებული და იდენტიფიცირებისთვის გენეტიკური კვლევა გახდება საჭირო.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა მგზავრების სია, მათ შორის არის პრიგოჟინი, მისი "მარჯვენა ხელი" დიმიტრი უტკინი, ГРУ–ს ყოფილი ლეიტენანტ– პოლკოვნიკი, რომელიც 24 ივნისს მოსკოვისკენ მიმავალ კოლონას ხელმძღვანელობდა, ასევე კიდევ ერთი მოადგილე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც "ვაგნერში" წესრიგზე იყო პასუხისმგებელი.
პრიგოჟინის და უტკინის დაღუპვის შესახებ "ვაგნერთან" დაკავშირებულმა ტელეგრამ–არხმა Grey Zone–მ დაწერა. ჟურნალისტ ალექსანდრე ზახაროვის თქმით, პრიგოჟინის სტრუქტურების თანამშრომლებმა ასევე დაიწყეს შეტყობინება "ბოსის" გარდაცვალების შესახებ.
РБК–ს წყარომ სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადა, რომ გამოძიება განიხილავს სამ ვერსიას: პილოტის შეცდომას, ტექნიკურ პრობლემებს და გარე გავლენას. განიხილება ტერაქტის ვერსიაც.


