ISW: პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო
24/08/2023 06:45:47 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW), თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია ერთადერთი, ვისაც შეეძლო, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, პრიგოჟინთან გასწორებათავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს გადაეწყვიტათ, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო.
"რუსული ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი ცოცხალი დარჩა მხოლოდ პუტინის მითითებით. ორი თვის შემდეგ კი, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ „ვაგნერელებს“ შორის პრიგოჟინის ავტორიტეტი უკვე საკმაოდ შერყეული იყო, თავად კერძო სამხედრო კომპანია კი – გახლეჩილი და დასუსტებული და სერიოზულ პრობლემებს აღარ უქმნიდა", – აცხადებენ ISW–ში.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.
24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში აქტიურად იყენებდა. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მან 23 ივნისს, განაცხადა რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. მოგვიანებით, 24 ივნისს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალური იყო და ამიტომ "ვაგნერელები" საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ღალატი" უწოდა.


