მედია: როსტოვისა და ბელგოროდის ძალოვან უწყებებში განგაში გამოცხადდა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ
23/08/2023 21:56:57 მსოფლიო
დონის როსტოვის პოლიცია და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ტვერის რეგიონში ჩამოვარდნის შემდეგ,– იუწყება 161.ru.
„განგაში გამოცხადა უსაფრთხოების ყველა სამსახურში – შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ გვარდიში და სხვა. <...> ისინი შვებულებიდან გამოიძახეს“, - თქვა გამოცემის წყარომ სამართალდამცავ უწყებებში.
ასევე, ბელგოროდის რეგიონის შსს–სა და FSB-ში გამოცხადდა განგაში – წერს Belgorod Today. უშიშროების ძალები მორიგე პუნქტებში დარჩებიან შემდგომ გაფრთხილებამდე.
ასევე ცნობილი გახდა კურსკიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსკოვში სასწრაფო დაბრუნების შესახებ.
კრემლის მხარდამჭერი არხი Readovka ამტკიცებს, რომ პრიგოჟინის გარდაცვალების შემთხვევისთვის "ვაგნერმა" შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. მექანიზმი დაინერგება ავტომატურად. არხის წყარო დეტალებს არ ამხელს, თმცა ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას „ძალიან ცუდი ამბები“ ელის.
”შურს იძიებენ”, - თქვა "ვაგნერის" ყოფილმა დაქირავებლმა «Можем объяснить» –თან. მისი თქმით, „პრიგოჟინის გარდაცვალების შემთხვევაში, არსებობს სრული მობილიზაციის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, ვისი ბრალეულობით მოხდა ეს".
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. როსავიაციის ცნობით, პრიგოჟინი თვითმფრინავში იმყოფებოდა.
"ვაგნერთან" აფილირებული ტელეგრამ–არხი Grey Zone იტყობინება, რომ ”პრიგოჟინი დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად. მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი ის საუკეთესო იქნება!”.
მოგვიანებით, მსგავსი შეტყობინება Gray Zone-მ გამოაქვეყნა პრიგოჟინის მოადგილის, დიმიტრი უტკინის შესახებაც, რომელიც, "როსავიაციის" ცნობით, ასევე იმყოფებოდა ჩამოვარდნილ Embraer ERJ 135-ის ბორტზე.
"ბაზას" ცნობით, შემთხვევის ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს, უმეტესი მათგანი ძლიერ არის დაზიანებული და გენეტიკური ანალიზი გახდება საჭირო იდენტიფიცირებისთვის. თუმცა, "ცარგრადი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უტკინის და პრიგოჟინის ცხედრები იდენტიფიცირებულია.


