"Царьград": პრიგოჟინის და უტკინის ცხედრები ამოიცნეს
23/08/2023 20:05:32 მსოფლიო
"ვაგნერის"-ის დამფუძნებლები ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი დაიღუპნენ ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში. ამის შესახებ "ცარგრადი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციით, მათი ცხედრები იდენტიფიცირებულია, თუმცა უახლოეს მომავალში ჩატარდება გენეტიკური გამოკვლევა.
დღის ბოლოს როსავიაციამ დაადასტურა, რომ პრიგოგინი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჩამოვარდა ტვერის რეგიონში.
მანამდე "ვაგნერთან" დაახლოებულმა ტელეგრამ–არხმა დაწერა, რომ უტკინი და პრიგოჟინი რუსეთის ღალატის შედეგად დაიღუპნენ.
რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, შემთხვევის ადგილზე რვა ცხედარი იპოვეს. "ბაზას" ცნობით, თითქმის ყველა მათგანი ძლიერ არის დაზიანებული და გენეტიკური ანალიზი გახდება საჭირო იდენტიფიცირებისთვის.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.
საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მასში ათი ადამიანი იყო, ყველა დაიღუპა.
„ვაგნერთან“ დაკავშირებული არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავი თითქოს „საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს“. იუწყებიან, რომ "ვაგნერის" მეთაურები შეიკრიბნენ სამსჯელოდ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ვალდაიში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს ოთხი S-300–ია განთავსებული,– განუცხადა რუსეთის მთავრობიდან წყარომ The Moscow Times-ს.
მისი თქმით, ის, რაც პრიგოჟინის თვითმფრინავს დაემართა და თავად ვარდნის ადგილი, არ არის შემთხვევითი, არამედ, მაღალი ალბათობით, სასჯელი აჯანყებისთვის: „24 ივნისს მსვლელობა მოსკოვზე, 24 აგვისტოს ორი რაკეტა. ყველაფერი ლოგიკურია. თვითმფრინავი [პუტინის] რეზიდენციიდან ფაქტოფრივად 50 კილომეტრში ჩამოვარდა“, - უთხრა გამოცემას წყარომ.
თუ პრიგოჟინი მართლაც იმყოფებოდა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, მიზეზი ივნისში მის ამბოხებაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც მან თავად უწოდა "სამართლიანობის მსვლელობა", - თქვა წყარომ.
ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
21 აგვისტოს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.


