
კინემატოგრაფისტები: ბოიკოტს კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა
23/08/2023 15:44:07 საზოგადოება
კინემატოგრაფისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით გამოცხადებულ ბოიკოტს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა. პროტესტის მიზეზი უცვლელია: კინოცენტრის დირექტორი სფეროს წარმომადგენლების მიერ აირჩეს.
„ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებულ მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი. 400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ. მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად, ბოიკოტის მონაწილე ასობით კინემატოგრაფისტი პროტესტის ნიშნად აღარ მიიღებს მონაწილეობას არალეგიტიმური კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.
უარს ვამბობთ, ვიყოთ ჟიურის წევრები საკონკურსო კომისიებში. უარს ვამბობთ ვიმუშაოთ კინოპროექტებზე, რომლებიც დაფინანსდება 2023 წლის აგვისტოდან”, - განაცხადეს კინემატოგრაფისტებმა.
როგორც განიმარტა, ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთა წარმოება დაიწყო ბოიკოტის გამოცხადებამდე და უკვე მიმდინარეობს:
„ასეთ პროექტებს უკვე აკისრიათ ფინანსური და იურიდიული ვალდებულებები, და მათი არ შესრულება, ჩაითვლება კანონდარღვევად".
იუწყებიან, რომ ბოიკოტს უერთდებიან კინოს წარმოებაში ჩართული ყველა სფეროს წარმომადგენლები: საპროდიუსერო კომპანიები და სტუდიები, მსახიობები, ოპერატორები, ხმისა და მონტაჟის რეჟისორები, მხატვრები, გამნათებლები, ფოკუს ფულერები, მუსიკოსები, ქასთინგ მენეჯერები, ანიმატორები, ფოტოგრაფები, ხმის ტექნიკოსები, სტუდენტები, სცენარისტები, კინომცოდნეები, რეჟისორები, პროდიუსერები ა.შ:
"ბოიკოტის ხელმომწერთა სია ყოველდღე იზრდება და ღიად დარჩება ყოველი კინემატოგრაფისტისთვის, კინოში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ბოიკოტის მოთხოვნას - კინოცენტრის დირექტორის პოზიცია გახდეს არჩევითი”.