ზელენსკი: რუსეთს ყირიმის განთავისუფლებაზე თვალის დახუჭვა შეუძლია
23/08/2023 14:38:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის მთავარ ამოცანად ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის მომზადება დაასახელა. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთს შეუძლია ნახევარკუნძულის განთავისუფლებაზე თვალის დახუჭვა, ისევე, როგორც ეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევისას გააკეთა.
„ჩვენ გვესმის, როგორ დავბრუნდებით ყირიმში. ჩვენ გვესმის, რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ გვესმის, რამდენად რთულია. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ“, - განაცხადა მან კიევში სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „უკრაინამ აჩვენა, რომ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის. ეს დამსახურებულია, ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერაა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული ძალები ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევენ, მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყვის. "ხოლო როდესაც რუსეთი უკან იხევს დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაშინ უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე. იმავენაირად რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც”.
„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გლობალური სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მონაწილეობით, მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესიული ზრახვები ჩავარდება. როდესაც ჩვენ მოვახერხეთ შავი ზღვის ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გაწმენდა და მარცვლეულის ზღვით ექსპორტის დაწყება, მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასები კვლავ დაეცა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა და დასძინა, „შავი ზღვა გლობალური საკვებისა და სოციალური სტაბილურობის გასაღებია. ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია. გასაღებს ტერორისტებს ხელში ვერ დატოვებ. და ჩვენ არ წავალთ“.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ „უკრაინა ტერიტორიებით არ ვაჭრობს, ვინაიდან უკრაინა ხალხით არ ვაჭრობს. წერტილი“.
„და ყველა, ვინც აქ ხართ, ამტკიცებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია,” - დასძინა ზელენსკიმ.


