კიევში დაადასტურეს რუსული სამხედრო ვერტმფრენის დაშვება უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე
23/08/2023 14:01:44 მსოფლიო
რუსული ვერტმფრენი მი-8, როგორც რუსული, ასევე უკრაინული წყაროების ცნობით, გარკვეული პერიოდის წინ რუსეთიდან უკრაინაში ჩაფრინდა და უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. ცნობებს უკრაინის დაზვერვა ადასტურებს.
ისინი, ვინც ამ მოვლენის შესახებ წერენ, განსხვავებულ მოტივებზე მიუთითებენ. მაგალითად, არსებობს ვერსია, რომ ვერტმფრენის პილოტებმა „დაკარგეს ორიენტაცია და ამიტომ აღმოჩნდნენ უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილში, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, სად იყვნენ, უკვე გვიანი იყო".
იმის შესახებ, რომ რუსული ვერტმფრენი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეფრინდა და მისი ეკიპაჟი ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, ასევე დაწერა უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა:
„ვერტმფრენი სრულიად ხელუხლებელია და აღჭურვილობის დეტალური შესწავლის შემდეგ შეავსებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობას. ველოდებით ინფორმაციას ეკიპაჟის წევრების შესახებ“.
"უკრაინსკაია პრავდა" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცოპერაცია 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და რომ უკრაინის დაზვერვამ მი-8 პილოტი უკრაინაში გამოიტყია. თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ორ ავიაბაზას შორის იფრინა და Su-27, Su-30SM გამანადგურებლების ნაწილები გადაიტანა.
მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა განაცხადეს მი-8-ის გაუჩინარების შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო ვერტმფრენი "შემთხვევით დაეშვა პოლტავაში".
შემთხვევითობის ვერსიას არ იზიარებს ბუტუსოვი და საკუთარ ხედვას შემდეგი არგუმენტით ამყარებს:
”თუ ვერტმფრენი გაფრინდა პოლტავას აეროდრომისკენ, როგორც რუსმა ბლოგერმა თქვა, ის მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში და რუსებს შეეძლოთ იქ დაშვება მხოლოდ შეგნებულად, კარგად მომზადებული ფრენის შედეგად. ვერტმფრენი დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, დაბალი სიჩქარით და ეკიპაჟი კარგად ხედავს ყველაფერს, უბრალოდ შეუძლებელია 300 კმ–ზე შეცდომის დაშვება“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურში განაცხადეს, რომ მათთვის მსგავსი ინფორმაციის შესახებ ცნობილია და დეტალები მოგვიანებით გახდება საჯარო.
"ოფიციალური ინფორმაცია იქნება. უნდა დაველოდოთ. მიმდინარეობს მუშაობა მათ შორის, ეკიპაჟთან. ყველაფერი კარგადაა. სიახლეები იქნება",– თქვა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა თემის კომენტირებისას.


