
ინფექციონისტი: დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკების მიღება სიტუაციას ართულებს
23/08/2023 09:30:57 საზოგადოება
ტურისტულ სეზონთან ერთად იმატებს ნაწლავური ინფექციებით დაავადების რისკი. მედიკოსები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.
"სიმპტომები - ფაღარათი, გულს რევა, ზოგს ტემპერატურა, ზოგს არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია ზაფხულის სეზონებზე, განსაკუთრებით კურორტებზე. ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე ის, რომ გადატვირთული საკვების ქსელები სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდება მიკროორგანიზმები. ასეა, თუ ისეა, ნაწლავური ინფექციები აშკარად ძალიან ბევრია გარშემო.
რეკომენდაცია, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.
მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება.
თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა.
თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით.
ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო", - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების შემოდინების გამო მთავარ საფრთხედ რჩება აივ ინფექციაც. ოკუპანტ ქვეყანაში შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენ ევროპაში. მედიკოსები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ , ხელისუფლებას კი მიგრანტებისთვის ტესტირების შეთავაზების დანერგვისკენ მოუწოდებენ.