
მედვედევი იმუქრება, რომ საქართველოს 2 რეგიონს შეიერთებენ
23/08/2023 06:45:35 კონფლიქტები
რუსეთის ექს–პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს – აფხაზეთსა და ცხინვალს შეიერთებენ. ამის შესახებ ნათქვამია მედვედევის სტატიაში, რომელსაც რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტი" აქვეყნებს.
სტატიას მედვედევი უძღვნის „გაკვეთილებს“, რომლებიც, მისი აზრით, "დასავლეთმა 2008 წლის ომის შემდეგაც ვერ ისწავლა“ და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს „ჰიბრიდული, მაგრამ აბსოლუტურად სრულფასოვანი და სისხლიანი ომი, რომელსაც ნატო რუსეთის წინააღმდეგ კიევის რეჟიმის ხელით აწარმოებს“.
მედვედევი ირწმუნება, რომ "ეს ომი კიევის დამარცხებით დასრულდება ისევე, როგორც თავის დროზე – ქართველი აგრესორების".
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და სავსებით შესაძლებელია რეალიზება, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება. დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო", - წერს მედვედევი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს იცავს, თუმცა, მისი თქმით, ეროვნულ დონეზე შეზღუდვები არ დააწესა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.